2014 წლის 6 ნოემბერს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერია თბილისში, გაიმართა სს „დარიალი ენერჯი“-ს და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის ხელმოწერილი ფინანსირების ხელშეკრულების ოფიციალური აღნიშვნის ცერემონია.
2014 წლის აგვისტოში, სს დარიალი ენერჯი-სა და ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა ფინანსირების ხელშეკრულებას 80 მილიონ აშშ დოლარამდე სესხის გამოყოფის შესახებ, დარიალის ჰიდროელექტროსადგურის განვითარების, მშენებლობის და ექსპლუატაციაში გაშვების დაფინანსებაზე, რაც წარმოადგენს პირდაპირი პროექტის ფინანსირების და წარმატებული საზოგადოებრივი კერძო პარტნიორობის პირველ პროექტს საქართველოს ენერგო-სექტორში.
დარიალი ჰესი პირველი პროექტია საქართველოს ენერგო სექტორში, რომელიც ფინანსდება A/B სასესხო სინდიკატის სტრუქტურაზე დაყრდნობით, სადაც EBRD უზრუნველყოფს „A” სესხს 40 მილიონ აშშ დოლარის ოდენობით, „B” სესხს 30 მილიონი დოლარის ოდენობით უზრუნველყოფს ჰოლანდიის განვითარების ბანკი „FMO” და 10 მილიონ დოლარს Green for Growth Fund „GGF”.
დარიალი ჰესის პროექტი ახდენს ბაზარზე არსებული სხვა პროექტების დეველოპერებისათვის დაფინანსების ახალ მეთოდების დემონსტირებას და გააჩნია პოტენციალი იყოს პირველი ენერგო-პროექტი საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფს კარბონ ნეიტრალურ მშენებლობას.
პროექტი მოიცავს ტყის მასივების გაშენების კომპონენტს, რომლის მიზანია პროექტის მთლიანი მიმდინარეობისას წარმოქმნილი გამონაბოლქვის სრული კომპენსირება მცენარეების მიერ ნახშირბადის შთანთქმის გზით. ამასთან, შესაბამის უწყებებთან ერთად ტყის მასივების აღდგენის პროგრამას გააჩნია პოტენციალი, გახდეს ნახშირბადისგან თავისუფალი მშენებლობის პირველი პროექტი საქართველოში და პირველი ასეთი პროექტი EBRD-თვის ყველა რეგიონში.
დარიალის პროექტი ითვალისწინებს მდინარე თერგის ჰიდროელექტრო პოტენციალის განვითარებას. დარიალი ჰესი იქნება ერთსაფეხურიანი, მდინარის დინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური. ამგვარი სტრუქტურა გამორიცხავს მდინარის ზედა ნაწილის დაგუბებას და ამცირებს მასთან ასოცირებული მშენებლობის მაშტაბებს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას როგორც მოკლევადიან, ასვეე გრძელვადიან პერსპექტივაში.
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის განვითარებაში. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვების შემდგომ, ენერგო სისტემა მიიღებს დამატებით ენერგიას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისათვის. მოსალოდნელია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის და მთელი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას იქონიებს. აღსანიშნავია ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებით გამოწვეული დადებითი შედეგი: მშენებლობის ეტაპზე (დაახლოებით 4 წლის განმავლობაში) დასაქმდება 300-მდე ადამიანი, ხოლო ექსპლუატაციის ეტაპზე - 50 ადამიანი.
პროექტი სრულად შეესაბამება 2007 წელს მიღებულ ევრო კომისიის ევროპის ენერგო-პოლიტიკას და ევროკავშირის ჩარჩო-ხელშეკრულებას კლიმატის ცვლილების შესახებ და მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, მიმართონ ძალისხმევა ენერგიის მოხმარების ეფექტურობის გაზრდისკენ, განახლებადი ენერგო-რესურსების გამოყენებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზით.
დარიალის ჰიდროელექტროსადგურის დასრულება საქართველოსთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ქვეყნის ენერგო-დამოუკიდებლობასა და ენერგო მოწოდების გაუმჯობესების თვალსაზრისით.